ცხოვრება ემიგრაციამდე და ემიგრაციაში – ქართველი ხელოვანი ათენში, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონი გახდა მშვილდოსნობაში

ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ ძირითად პროფესიად ემიგრაციაში ათენში ყოფის დროს აქცია.  სხვადასხვა ტექნოლოგიით სამკაულების დამზადება და ოქრომჭედლობაც  შეისწავლა.
წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, არის საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში. ამავდროულად, ამზადებს სამკაულებს და მრავალი თაყვანისმცემელიც ჰყავს.
ხშირად მონაწილეობს გამოფენებში. განსაკუთრებით საქველმოქმედო ღონისძიებები  იზიდავს.
ახლახან   ათენის გარეუბანში წარმატებით მიმდინარეობდა  3-კვირიანი გამოფენა.  – მაია სააკაძის პერსონა.

 – გაჭირვების ხანაში წახვედით საბერძნეთში… ამბობთ,  რომ თქვენი ცხოვრება ორ ნაწილადაა გაყოფილი – ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ…
–  ჩემი ცხოვრება 2 ნაწილადაა გაყოფილი – ემიგრაციამდე და ემიგრაციაში. სამშობლოდან წასვლა და ბავშვის დედაჩემისთვის დატოვება ძალიან ძნელი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ იმ დროს ნამდვილად სხვა გზა არ მქონდა.
ამ ორი ეტაპის შედარება ცოტა ძნელია. ეს არის ჩემი ცხოვრება, თავისი სირთულეები და გამოწვევებით.
– უკვე წლებია საბერძნეთში ცხოვრობთ, ხართ საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში. უცხო ქვეყანაში ალბათ წარმატება იოლად არ მოვიდა… რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც სპორტის ეს სახეობა – მშვილდოსნობა? ამჯერად უკვე მსაჯის ამპლუაშიც მოგვევლინეთ…
–  რთულია, სხვა ქვეყანაში დაიმკვიდრო  შენთვის ღირსეული ადგილი, მაგრამ შესაძლებელია. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს  და მიზანი სწორედ დაისახოს.
მშვილდოსნობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და, როგორც კი მომეცა შანსი, ხელიდან არ გავუშვი.  ჩემი თავის კმაყოფილი ვარ. ძალიან მომწონს ეს სპორტი.
– ხელსაქმე ბავშვობიდან გიზიდავდათ, მაგრამ ემიგრაციაში დაიწყეთ სერიოზულად… გაქვთ ათენში მაღაზია, სადაც თქვენ მიერ დამზადებული აქსესუარები იყიდება… პანდემიის მერე ალბათ უკვე მყიდველიც მოგემატათ და ფანტაზიაც გამდიდრდა…
– როგორც აღნიშნეთ, ხელსაქმე  ბავშვობიდან მიტაცებდა. ქსოვა 5 წლის ასაკში ბებიაჩემმა მასწავლა. ქსოვა დღემდე მიყვარს, მაგრამ მარტო  ამაზე არ გავჩერდი, შევისწავლე მანქანით ქსოვა, ქარგვა  და  ხელსაქმის ბევრი სხვა სახეობა.
ათენში სხვადასხვა სახის და სხვადასხვა ტექნოლოგიით სამკაულების დამზადება შევისწავლე. შევისწავლე ოქრომჭედლობაც. ეს ცოდნა დამეხმარა,  მომეზიდა სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელი.
მაღაზია პანდემიის წინ გავხსენი და რაღაც 3 თვეში დავკეტე. ახლა ისევ ნელ- ნელა მწყობრში ვდგებით. იდეაც ბევრია და შემოთავაზებაც.
– რა  მასალებს იყენებთ მუშაობისას?
–  სამკაულების დამზადების დროს ვიყენებ ფანტაზიას. ნებისმიერი მასალის გამოყენება შემიძლია. თქვენ წარმოიდგინეთ, ცემენტიც გამომიყენებია. შეზღუდვები არა მაქვს. ვერცხლი, მელხიორი, სპილენძი, თითბერი. ოქროზე ჯერჯერობით არ ვმუშაობ.
ვიყენებ ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს. პლასტმასები არ მომწონს.
შემიძლია, რამდენიმე განსხვავებული ტექნოლოგია და მასალა შევათავსო და მივიღო საუცხოო შედეგი.
მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. მომწონს პოპულარული თიხა და ტყავი.
– გამოფენები, ჯილდოები… ახლახან  გქონდათ გამოფენა ათენში…
–  გამოფენებში  ხშირად ვმონაწილეობ. მომწონს საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად,  ნოემბრის ბოლო შაბათ – კვირას, საქართველოს საელჩოს ინიციატივით  ვეხმარებით  ბავშვთა სახლს.მმახლაც გამოფენა მაქვს  ათენის გარეუბანში. წარმატებით მიმდინარეობს. 3-კვირიანია. ჯერ არ დამთავრებულა.
– აქსესუარების დამზადებისას საინტერესო  ამბავიც გექნებათ მოსაყოლი…
–  საყურეებისადმი ჩემი დიდი სიყვარული ყველასთვის ცნობილია. მაღაზიაში საყურე უფრო მეტად იყიდება. ერთხელ გადავწყვიტე, მორჩა, ამ ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ ყელსაბამებს და სხვა სამკაულებს დავამზადებ-მეთქი, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი, როგორ, უფრო მეტი მაინც საყურე გამომივიდა. ვიწყებ სამაჯურს, გამომდის საყურე. ვიწყებ ყელსაბამს, ისევ – საყურე…
– როგორი ჩანს საქართველო შორიდან? თუ აპირებთ დაბრუნებას?
– საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია. აქაური გადმოსახედიდან ბევრი ცვლილებაა, ზოგი სასიკეთო, ზოგიც კი – უარესობისკენ. მე საბერძნეთში ვარ, მაგრამ, იმავდროულად, საქართველოშიც ვარ. რა თქმა უნდა, დავბრუნდები.  ჩემი მიზანია, მომავალში იმდენს მივაღწიო, რომ შემეძლოს ორივე ქვეყანაში ცხოვრება. გავანაწილო დრო – 6 თვე საქართველოში ვიყო და 6 თვე – საბერძნეთში.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 3 შვილი.  ბიჭი საქართველოშია დეიდაჩემთან, კიდევ  2 ტყუპი გოგოს დედა ვარ.
– რას იტყოდით ბერძენ ხალხზე?  მათი შთაბეჭდილებები თქვენს სამკაულებზე…
–  ბერძნებს, პირადად ჩემთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ. წლებია, აქა ვარ და არასდროს მიგრძნია ჩემ მიმართ რასიზმი. პირიქით, როგორც კი გაიგებენ, რომ ქართველი ვარ, სახელზე ღიმილი ეფინებათ…
ბერძნები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მაგრამ ცუდი და კარგი ყველგანაა. ვცდილობ, მხოლოდ კარგი ადამიანები  მოვიზიდო.
ბერძნებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. მომხმარებლების უმრავლესობა ბერძენია. ქართველები იშვიათად მოდიან. მაგრამ ამ ბოლო ხანს ნელ- ნელა იზრდება ქართველების რიცხვი და ეს ძალიან მიხარია.
– ჰობი…
– ჰობი აღარა მაქვს. ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციე. ეს ჩემთვის დიდი წარმატების დასაწყისია.
– სამომავლო გეგმები…
–  სამომავლო გეგმები დიდი და ვრცელია. ერთ – ერთი,  რაც მინდა მთელი სულით და გულით, ევროპის დიდ ქვეყნებში მივიღო მონაწილეობა გამოფენებში და მეორე, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩემს რაიონში, ბოლნისში მინდა გავმართო საქველმოქმედო გამოფენა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები