12 ივლისი ალაზა ხაიაურის დაბადების დღეა

12 ივლისი პოეტ ალაზა ხაიაურის დაბადების დღეა.  ინფორმაციას მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი ავრცელებს და მის ლექსს აქვეყნებს.
„დღეს ბრწყინვალე პოეტის, შესანიშნავი ქართველის, მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის თანამშრომლის, ალაზა ხაიაურის დაბადების დღეა. ბატონი ალაზა მირზას მუზეუმში წლების განმავლობაში, გარდაცვალებამდე, მოღვაწეობდა.
პოეტის დაბადების დღეს ვულოცავთ მისი ოჯახის წევრებსა და მკითხველებს და აქვე გთავაზობთ ალაზა ხაიაურის არაჩვეულებრივ ლექსს – „ვაჟა-ფშაველას საფლავთან თქმული” :

ადექ, ჩარგალში წამოდი,
ჩამოჩვეულან ჯიხვები,
ლექსს იტყვი ულერწამოდა –
დავითოვ – დავიჭირხლები…
ხევებს ჩავყვებით ჩაუვალს,
სუნთქვა შესწყვიტონ ხრამებმა,
ბაგეს რომ გაშლი ფშავურად
მთებს გული მოეფხანება!
არ მოდიხარ და ვარ ეჭვით –
მითხარ, მიზეზი ეგ თუა, –
რომ, ლომო, შენი მხარ-ბეჭი
ვერ დაეტევა მთებს შუა…
რომ ჩამქრალ თვალით ნაწვიმარ
ღელეს გზა გაუხშირდება,
რომ მთად ყოფნისთვის მთაწმინდას
შენი სიმაღლე სჭირდება,
და მინდა გითხრა ახლავე,
რაც მითხრეს გულის ფიქრებმა,
სადაც შენ დაგასაფლავებთ,
ყველგან მთაწმინდა იქნება!
ხმა გაგიწვდება ათას წელს,
დღეს კი მიწა გაქვს საფარი,
თუმც შენს გულ-მკერდს რომ გადასწვდეს
იმდენი მიწა სად არი…
ერთ თვალში ღამე ჩამდგარა,
ერთში მზის ნაღვერდალია,
საფლავში გვერდს თუ არ იცვლი,
მიწისძვრა მაშ რის ბრალია!
ძუძუ შეგერგო უვნებლივ,
მთის ღალიანი ცურისა,
მგონია, შენ ხარ ბუნების
დაწყებაც-დასასრულიცა!
მთები ჰგავს დევთა მაყრობას,
და თვალს შენ ავლებ ელვიანს…
ვინ თქვას შენი ცის დაპყრობა
თვალიც ვერ შეგვიწვდენია!
დასცქერის ზეცა უკარო,
გალობენ ღრუბლის ბელტები,
ამოხეთქილო ვულკანო,
არასდროს გაგვინელდები!
მამულს კი ჩვენაც ვეზრდებით,
ჩვენც ვფიქრობთ ლაგამ-აღვირზე,
დღეს რას ფიქრობენ ეს მთები,
ადექ, ისევ შენ აგვიხსენ!
შენს კვალზე დავიგეშებით,
რომ სიმაღლეებს ვედაოთ,
ვერვინ თქვას საქართველოზე:
ეგ არი, ლომი კვდებაო“!..

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები