ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 1-ელი აგვისტოსთვის გადაიდო
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი იყო ჩანიშნული.
სხდომას მხოლოდ ერთი ბრალდებული – თეიმურაზ ჯანაშია ესწრებოდა.
მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა “ვივამედიდან” გამოგზავნილი წერილები წაიკითხა, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ის უარს აცხადებდა სასამართლო სხდომის მის გარეშე გაგრძელებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 1-ელი აგვისტომდე გადაიდო.
შეგახსენებთ, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. კერძოდ, 2009 წლის 1-ელი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.