11 ივლისი პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეა

11 ივლისი პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფიზიკა-ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი 1850 წლის 11 ივლისს თბილისში დაიბადა
18 წლისამ, 1868 წელს, დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1872 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (დღევანდელი ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1873 წელს ევროპაში გაემგზავრა და ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვისლიცენუსის ცნობილი ლაბორატორიების კვლევით საქმიანობას გაეცნო.
1876 წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში;
1885-1917 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1918 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. მისი შრომები ეხება ორგანულ და არაორგანულ ქიმიის საკითხებს. მან პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა. მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები.
პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. მის საფლავზე დადგმულია ბიუსტი (ავტორი – იაკობ ნიკოლაძე).
პეტრე მელიქიშვილი იყო  ქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918-1919). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1918-1927).
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა (1950) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია მისი სახელობის პრემია ქიმიის და ფიზიკის დარგებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პეტრე მელიქიშვილის სახელობის კაბინეტ-ბიბლიოთეკა. პეტრე მელიქიშვილის სახელობისაა ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი. თბილისში არის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები