ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ქეთევან შარიქაძე გარდაიცვალა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის, ღირსების ორდენის კავალრის, ქეთევან შარიქაძის გარდაცვალების გამო
„ქეთევან შარიქაძე, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეუერთდა. შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, მან არაერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი როლი შექმნა როგორც თეატრში, ისე კინოში, მათ შორის: ეკას როლი სპექტაკლში ,,ექვსი შინაბერა და 1 მამაკაცი”; რიტა – სპექტაკლში ,,ცილინდრი”, რისთვისაც მსახიობმა თამარ აბაშიძის სახელობის პრემია დაიმსახურა; ფეფენა – სპექტაკლში ,,მსხვერპლი”, ასევე ვერიჩკა – კინოფილმში ,,სამანიშვილის დედინაცვალი” და ლირსა (კაკუტას მეუღლე) – ფილმში ,,ყვარყვარე”“, – ნათქვამია ინფორმაციაში.