თბილისის მწერალთა რეზიდენციას ამერიკელი მკვლევარი, ჯერემი თაში ეწვევა

მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence ფარგლებში, მწერალთა სახლის რეზიდენციას აშშ-ის თოუსონის უნივერსიტეტის ევრაზიული და გლობალური საკითხების პროფესორი, ჯერემი თაში ეწვევა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში, მკვლევარი იმუშავებს რეპრესირებული მწერლების მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლების ისტორიებზე.
„ჯერემი თაში არაერთი ავტორიტეტული პროფესიული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი იყო სხვადასხვა წელს.  2014-2017 წლებში ის ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის, ცენტრალური ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტთა ჯგუფს ამავე ასოციაციაში; ის იყო აგრეთვე ჟურნალ „ევრაზიის გეოგრაფია და ეკონომიკას“ საგამომცემლო საბჭოს წევრიც.
ჯერემი თაშს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები პოლიტიკურ ეკოლოგიაზე, კრიტიკულ გეოპოლიტიკისა და სხვა საკითხებზე.
აღნიშნული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2022 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ორი მკვლევარი: ერიკ ლი (აშშ) და მაია ჯაგი (დიდი ბრიტანეთი).
რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. იუნესკოს პროექტის – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით 2022 წლის შემოდგომაზე მუზეუმი დასრულებულ სახეს მიიღებს.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და მწერალთა სახლის გუნდის მიერ თავმოყრილ მასალებზე დაყრდნობით სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence-ის მონაწილეების მიერ დაწერილი ტექსტები და ნაშრომები გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც ქართულ, ასევე დასავლურ ბეჭდურ თუ ონლაინ პლატფორმებზე“, – ნათქვამი მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები