ნიკოლას მელინი თბილისში – ახალი წიგნის წარდგენა და ლიტერატურული დისკუსია

9 და 11 ივლისს, ესპანელი მწერალი და გამომცემელი ნიკოლას მელინი თბილისში თავის ახალ წიგნს წარადგენს და ლიტერატურულ დისკუსიას გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 9 ივლისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ – ნიკოლას მელინის ლიტერატურული დისკუსია გაიმართება ქართველ მწერლებთან (მოდერატორები ზაალ ჩხეიძე, ბელა წიფურია, ლანა კალანდია).
11 ივლისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში – ნიკოლას მელინის წიგნის „დაზაფრული ატლანტების” (მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი) წარდგენა (მოდერატორები: ლანა კალანდია, პაატა შამუგია).
ბანერზე გამოყენებულია ლისბეთ სალასის ფოტო.
„ნიკოლას მელინი ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე. წერს კინოსცენარებსა და სტატიებსაც. ასევე, ის ესპანურ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.
მისი რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობა ტკივილიანია. ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსიას ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელიც.
სამწუხაროდ, სხვათა ტანჯვის გამზიარებლები, თავად ვერ აღწევენ მას თავს. ლუსიას წარსული, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ჭრილობები არ აძლევს საშუალებას, თავისუფლება მოიპოვოს სიყვარულში, რაც ტკივილს აყენებს მის პარტნიორს და მის სიყვარულში ეჭვს უჩენს. იზაბელი, თავის მხრივ, დაზაფრულია ყოველ წამს ცხოვრებაში შემოჭრილი რეკლამებით და თავდაუზოგავად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი კი მათს ურთიერთობას ბზარს უჩენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები