გურამ მაჭარაშვილი: აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს
“როცა პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვს, აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან.
“როცა საზოგადოებას ატყუებ, რომ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და, რეალურად, იქ საზოგადოებას პოლიტიკური განცხადებები და მთავრობის გადაყენების მოთხოვნები დახვდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ ორგანიზაციად არის გადაქცეული. ისინი სამართლებრივად პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდებიან თუ არა, მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ის დაინახა, რასაც ვაანონსებდით, საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც ვეღარ დაიმალნენ. როცა პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვს, აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.