ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება
5 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 5 ივლისს 19:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება;
19:30 საათზე კი – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს რობერტ სტურუას საავტორო სპექტაკლს – „ვანო და ნიკო”
(ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით).
რობერტ სტურუა:
„დიახ, დღესდღეობით ხშირად ვდგამ ქართულ პიესებს. ბოლო წლებში საქართველოში იმდენი რამ მოხდა, რომ მინდა, გავერკვე კონკრეტულად ამ მოვლენებში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ერთმანეთში აირიოს სიკეთე და ბოროტება, შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს იმის გარკვევა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, მაგრამ ყოველთვის რჩება მარადიული ფასეულობები, რჩება ჭეშმარიტება, რომელიც არასდროს იცვლება. სიკეთე ყოველთვის იქნება სიკეთე, ბოროტება – ბოროტება. და თუ ზოგჯერ ბოროტება იმარჯვებს, საბოლოოდ მაინც სიკეთე დარჩება გამარჯვებული“.
„ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატურგიული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება არა მარტო მდიდარი პროგრამით, არამედ – მასშტაბით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 8 უცხოეთის ქვეყანა – 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი – 17 სპექტაკლით, რაც შესაძლებელს გახდის ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში ფესტივალის მანძილზე საზოგადოებამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების) შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი იხილოს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.