თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „მართვეს“, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრეზენტაცია გაიმართა
გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმში (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ) ანსამბლ „მართვეს“, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა „მართვეს“ დამოუკიდებელ ორგანიზაციად გამოყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელობას ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობაზე ისაუბრეს „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილმა და ანსამბლის ძველი თაობის წარმომადგენლებმა. მოწვეულმა სტუმრებმა ასევე იხილეს სხვადასხვა წელს ანსამბლის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოარქივი. ღონისძიების დასასრულს „მართვეს“ახალმა და ძველმა თაობამ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი მოწვეული სტუმრების წინაშე ახალი სასცენო სამოსით წარდგა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „ფაფანაკმა” უმოკლეს დროში შეკერა.
„მართვეს“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ცნობილი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანსამბლი „მართვე“ 2018 წლიდან 2022 წლის 27 აპრილამდე სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ სტრუქტურული ერთეული იყო. მიმდინარე წლის მაისიდან კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. ანსამბლის ახალი სახელწოდებაა: სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილია.
მნიშვნელოვანია, რომ „მართვე“, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეძლებს საკუთარი შემოსავლების თავისივე განვითარებისთვის გამოყენებას, რომლის წყაროც სიმღერის, ცეკვისა და თეატრის გაკვეთილებზე ჩაწერილი მოსწავლეების მიერ ორგანიზაციაში შეტანილი საფასურია.
ანსამბლი „მართვე“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას აგრძელებს იმავე მისამართზე (მის.: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N103) და კვლავ შეინარჩუნებს სამ სასწავლო-სახელოვნებო მიმართულებას: სიმღერა, ქორეოგრაფია და თეატრი.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მართვე“ 1978 წელს, საქართველოს სახალხო არტისტმა, ლოტბარმა და კომპოზიტორმა ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ის არაერთ სასწავლო-სახელოვნებო დარგს აერთიანებს. მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ანსამბლში ასეულობით ახალგაზრდამ შეისწავლა ხალხური სიმღერა. ანსამბლი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია.
ინფორმაცია „მართვეს“ შესახებ:
ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ 1978 წელს, თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის ბაზაზე დიდი ქართველი მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის და წარსულში ამავე ცენტრის დირექტორის, ნათელა ჯიღაურის ინიციატივით დაარსდა. XX საუკუნის 80-იან წლებში მწვავედ დაისვა მომავალი თაობისთვის ეროვნული სამუსიკო კულტურისადმი ჭეშმარიტი ინტერესის გაღვივების საკითხი, 1976 წელს დაიბადა იდეა შექმნილიყო ბიჭუნათა გუნდი. ამ მიზნით მოწვეულ იქნენ ქართული სამუსიკო ხელოვნების თვალსაჩინო ლოტბარები, აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე.
მომღერალ ბიჭუნათა პირველი საკონცერტო პრემიერა 1978 წელს საქართველოს ტელევიზიით შედგა, გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს შესთავაზეს ანსამბლისთვის სახელის შერჩევა, სწორედ ასე შეირჩა საგარეჯოელი დავით შაქარაშვილის – „მართვე“ („…ეს ბავშვები დიდი მომღერალი არწივების ბარტყები – მართვეები არიან“…).
„მართვემ“ მალევე მოიპოვა პოპულარობა, მას თითქმის ყველა საზეიმო კონცერტზე იწვევდნენ, შედგა პირველი წარმატებული გასტროლებიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის კომპოზიტორების, დიმიტრი კაბალევსკისა და ოთარ თაქთაქიშვილის მხრიდან. 1980 წლიდან ანსამბლი უკვე დატვირთული იყო საგასტროლო განრიგით (ტაივანი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, შვეიცარია, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, თურქეთი, ტაილანდი, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, აშშ, იტალია და სხვ), მათზე წერდა უცხოური პრესა.
44 წლის განმავლობაში „მართვემ“ მდიდარი რეპერტუარით, დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შექმნა. ანსამბლმა სრულად შეცვალა საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის – ქართული ხალხური სიმღერისადმი დამოკიდებულება – ახალგაზრდობამ დაიწყო სიმღერის შესწავლა და შესრულება. ანსამბლი „მართვე“ არაერთი სახელმწიფო პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ანსამბლის შესახებ შექმნილია მუსიკალური ფილმი „მღერის „მართვე“, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულია წიგნი, 2011 წელს კი, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, გაიხსნა „მართვეს“ ვარსკვლავი.
ანსამბლის დამაარსებელია ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც 1978-2021 წლებში „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა დროს „მართვეს“ ლოტბარები იყვნენ ქართული სამუსიკო ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე. 1995 წლიდან ანსამბლის მთავარი ლოტბარია „მართვეში“ აღზრდილი ვალერი ქუტიძე.