სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

   თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული, რომლის მიხედვით, ექსპრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდათ.
დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც, როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მათთან ერთად ბრალდებულები არიან: პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილსა და უგულავას პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვთ შეფარდებული. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები