თინათინ რუხაძე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს – ნინო ლაცაბიძეს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდა და მასთან ერთად ქალაქ რუსთავში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მალე დასრულდება რუსთავის კულტურის სახლის რესტავრაცია – რეაბილიტაცია, რაც შემოქმედებითი პროცესების გააქტიურებას შეუწყობს ხელს და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ანსამბლ „რუსთავთან“ თანამშრომლობას.
ითქვა, რომ ძველი კულტურის სახლის ადგილას, განახლებული ინფრასტრუქტურითა და კონცეფციით, მალე ახალი მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება. ყურადღება დაეთმო ახალ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ – „რუსთავის“ დირექტორი ია მაქაცარია და სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი, ასევე რუსთავის მერიის კულტურული პროექტების ცენტრის დირექტორი ხატია ფოცხვერაშვილი და მუსიკოსი ლაშა ნოზაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები