ეკა სეფაშვილი: იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი და ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიჩერებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დარტყმას თავად ევროკავშირს მიაყენებს
„ვიზალიბერალიზაციის თემაც „დიფ სთეითს” უკავშირდება, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე საქართველოზე გავლენა მოიპოვოს”, – ამის შესახებ, მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს საღი აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დარტყმას თავად ევროკავშირს მიაყენებს.
„ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარა სჭირდებათ სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაადანაშაულონ იმაში, თითქოს რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. მათი სცენარით, ამან ხალხის აგრესია უნდა გამოიწვიოს, რაც რევოლუციაში უნდა გადაიზარდოს, შემდეგ კი, მათი ხელშეწყობით და დაფინანსებით, საქართველოს ხელისუფლებაში ისინი უნდა მოვიდნენ, ვინც მარიონეტები იქნებიან და უცხოელი დამკვეთების ყველა სურვილს შეასრულებენ, იქნება ეს ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა თუ სხვა.
ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, საქართველოს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს შესრულებული, სხვა ქვეყნებთან შედარებით. 31 აგვისტოს გავაგზავნეთ ანგარიში იმიტომ, რომ როგორც წესი, ყოველწლიურად ასეც ხდებოდა. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან 31 აგვისტოს ულტიმატუმის ვადად დადგენა კიდევ ერთი ფარსია, რადგან ამ ანგარიშს ისედაც ვაგზავნით ხოლმე. ამ ანგარიშში მთელი წლის პროგრესია ასახული, რაც გამოიხატება მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაღალი კრიტერიუმებით და ა.შ. სწორედ ამას მოითხოვს ვიზალიბერალიზაციის ობიექტური და ტექნიკური კრიტერიუმები, რადგან იგულისხმება, რომ როცა ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაა გახსნილი, ამით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საფრთხე არ უნდა შეექმნათ, ან არალეგალური მიგრაციით, ან დანაშაულების გავრცელებით და ა.შ. ამ ყველაფერს კი საქართველო ასრულებს. ერთადერთი, რაც რჩება, არის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება ითარგმნოს – მართალია, ყველაფერს ასრულებთ, მაგრამ თუ მოვინდომებთ, მაინც შევაჩერებთ ვიზალიბერალიზაციას.
ველოდები, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი და ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიჩერებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დარტყმას თავად ევროკავშირს მიაყენებს. იმიტომ, რომ ამ რეგიონის მიმართ ძალიან აშკარა და მკვეთრად გამოხატული ინტერესი აქვს ევროკავშირს, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამ ორი ინტერესის თანხვედრა კი ნიშნავს იმას, რომ მათ სწორედ სწორ და საღ აზრს უნდა მისდიონ და არ შეაჩერონ საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმი”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.