ერდოღანი: პუტინი და ზელენსკი პირისპირ შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან.

ამის შესახებ ერდოღანმა, ჩინეთიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩინეთში, პუტინთან შეხვედრაზე და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, მან უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომის დასრულების გზები განიხილა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში სტამბოლში რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ღია რჩება.

„მოლაპარაკებების დონის თანდათანობითი ამაღლება ის გზაა, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. მშვიდობის იმედი პრობლემის გადაჭრისკენ მიმართულ კონკრეტულ შედეგებად უნდა გარდაიქმნას. ამისათვის ეს საკითხი ლიდერების დონეზე უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ლიდერები ამისთვის ჯერ მზად არ არიან.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, რუსეთსა და უკრაინას მიანდოს მათ ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზება და ამგვარად, ჯერჯერობით მოლაპარაკებებიდან თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები