“ისტორიული დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ასეთი სისტემატიზებული, თავმოყრილი ფორმით პირველად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ბოროტებას, მავნებლობას, დანაშაულს” – წილოსანი
“ისტორიული დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ასეთი მასშტაბით და ასეთი სისტემატიზებული თავმოყრილი ფორმით პირველად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ბოროტებას, მავნებლობას, დანაშაულებს და, რაც მთავარია, ამზადებს საფუძველს, რომ შემდგომი განვითარება მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოში”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე – სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.
ის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება, რომელიც დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტს წარუდგინა.
„ამ დოკუმენტს რომ ჩავუღრმავდეთ, რამდენიმე თვიანი მძიმე პროცესი გაიარა საგამოძიებო კომისიამ, მოისმინა არაერთი დაზარალებულის ოჯახის წევრი და თავად დაზარალებულები. ამ დოკუმენტში, რასაც ყველაზე ხშირად შევხვდებით ეს არის სიტყვები: სისტემური წამება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ბიზნესის რეკეტი, სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვა, მედიათავისუფლების უგულებელყოფა და ყველა ის დანაშაულში გადასული მავნებლობა, მე როგორც პოლიტიკოსი ვაკეთებ შეფასებას, რომ ეს დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო სტრუქტურები ნახავენ შესაძლებლობას, რომ უკვე მტკიცებით ფორმატში ვთქვათ ეს ყველაფერი.
ამ დოკუმენტმა შექმნა საფუძველი, რომ მომავალმა თაობამ თუნდაც უახლოესი ისტორიის სწავლისას ისწავლოს ჩვენი ქვეყნის ეს პერიოდი და იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, როგორ არ უნდა მოუშვან ხელისუფლებაში ის მავნებლები, ვინც ამ პერიოდის მანძილზე და დღემდე ეძალება ქართველ ხალხს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა “დღის ქრონიკასთან” საუბრისას.