საქართველოს კულტურის მინისტრისა და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

წმინდა საყდარში კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტი კარდინალი ჯანფრანკო რავაზი შეხვდა საქართველოს დელეგაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანს ხელმძღვანელობით.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კარდინალი მიესალმა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა 1 წლის წინ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ვატიკანის წმინდა საყდრის კულტურის პონტიფიკალურ საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორმხრივ თანამაშრომლობას კულტურის სფეროში. მან აღნიშნა, რომ სწორედ ვატიკანის „სიქსტის კაპელაში“ გამართული თბილისის ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდის უნიკალური კონცერტი იყო განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც დაიგეგმა რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში მოგზაურობისას საქართველოს პატრიარქის , მისი უწმინდესობის ილია მეორის მიწვევით.
შეხვედრაზე აღინიშნა, აგრეთვე, ვატიკანის წმინდა საყდარში საქართველოს ელჩის ქეთევან ბაგრატიონ –  მუხრანბატონის და საქართველოში ვატიკანის წმინდა საყდრის დესპანის როლი და დამსახურება ამ ღონისძიების განხორციელებაში.
კარდინალმა მინისტრს შესთავაზა საერთო თემების ინიცირება მომავალი თანამშრომლობის მიზნით, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ვატიკანის მუზეუმებთან და ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობა: რელიგიური ხასიათის ლიტერატურისა და ხელოვნების გაზიარება. მინისტრმა თეა წულუკიანმა ზ. ფალიაშვილის ოპერის ,,აბესალომი და ეთერის” იტალიელი აუდიტორიისთვის ფართოდ გაცნობის გეგმა გააცნო კარდინალს და მადლობა გადაუხადა მას მოცემული პროექტის განხორციელებაში ვატიკანის ელჩის, ჟოზე ბეტანკურის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
კარდინალმა რავაზიმ აღფრთოვანება გამოხატა საპატრიარქოს გუნდის კონცერტით, რომელიც„სიქსტის კაპელაში“ შესრულდა და განსაკუთრებით აღნიშნა პატრიარქის საგალობელი, რომელიც, მისი თქმით, „ხიდია ევროპულ მუსიკასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები