კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული დოკუმენტური ფილმის – ,,ტრიუმფის’’ ჩვენება გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, კინორეჟისორმა გოგი თორაძემ საკალათბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს’’ ისტორიული გამარჯვების 60 წლისთავთან დაკავშირებით გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ,,ტრიუმფი’’.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანი კალათბურთელები, ფილმის რეჟისორი გოგი თორაძე და მსახიობები.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფილმი მოგვითხრობს 1962 წელს მომხდარ სპორტულ მოვლენაზე, როცა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში საკალათბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ’’ მადრიდის „რეალი’’ (90:83) დაამარცხა და ევროპული საკლუბო კალათბურთის უპრესტიჟულესი ტიტული მოიპოვა.
ჟენევაში გამართულ ფინალუარ მატჩში ოთარ ქორქიას გაწვრთნილი თბილისის „დინამოს” ღირსებას იცავდნენ კალათბურთელები: გურამ მინაშვილი, ვალერი ალთაბაევი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ილარიონ ხაზარაძე, ანზორ ლეჟავა, ლევან მოსეშვილი, რევაზ გოგელია, ალექსანდრე კილაძე, ამირან სხირელი და ალექსანდრე პეტროვი. შეხვედრას ესწრებოდა ქართველი ემიგრანტი მწერალი, გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც ნანახი მატჩის შემდეგ შთაბეჭდილებები წერილით დას გაუზიარა.
ფილმში გრიგოლ რობაქიძის როლს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, იოსებ მოლოდინაშვილი ასრულებს.
ფილმის სატელევიზიო პრემიერა შედგება 29 ივნისს 19:50 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები