ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები მადრიდში სამიტის პირველი სესიისთვის იკრიბებიან
მადრიდში დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების პირველი სესია გაიმართება.
ალიანსის სამდღიანი სამიტი 28 ივნისს ესპანეთის მეფე ფილიპე IV -სთან ვახშამით დაიწყო.
სამიტის მთავარი თემები იქნება: რუსეთ-უკრაინას ომი; ნატო-ს გაფართოების ახალი ტალღა; ტერორიზმთან ბრძოლა და ალიანსის სამხრეთის ფლანგის საფრთხეები.
სამიტის ბოლოს დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი კონცეფციის დამტკიცება, რომელიც ბლოკის კურსს 2030 წლამდე განსაზღვრავს. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტში ბლოკი რუსეთს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ დაასახელებს.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ესპანეთის სამიტს უკვე უწოდა “ნატო-სთვის გადამწყვეტი და გარდამტეხი”.
დღევანდელი სესია მიეძღვნება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.
საღამოს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს, ასევე, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს, ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ოფიციალური ვახშამით უმასპინძლებს.
30 ივნისს სამიტის მონაწილეები ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ ვითარებას, ტერორიზმთან ბრძოლას და მიგრაციის პრობლემას განიხილავენ.
მადრიდის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნატო-ს მოკავშირეების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ცალკეული შეხვედრებიც.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებული საფრთხეები განიხილება. სხდომაზე მოწვეულნი არიან მავრიტანიისა და იორდანიის წარმომადგენლები.
ალიანსის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ბალკანეთში არსებულ ვითარებას მიეძღვნება, რომელშიც ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას.