კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად საქართველოს ისტორიაში, „სიქსტის კაპელაში“ ქართველი მგალობლების კონცერტი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლებისა და ფოლკლორის 20-მდე ნიმუში შეასრულეს, მათ შორის ,„ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „ლილე” , „,ოდოია”, „წმინდაო ღმერთო” და სხვ.
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სოლისტებმა: იანო ალიბეგაშვილმა, ქეთევან ქართველიშვილმა და გიორგი ცაგარელმა.
კონცერტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი ლალი თარიმანიშვილი და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე დაესწრნენ.
„სიქსტის კაპელის“ შემდეგ, ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარში შესრულდება; 29 ივნისს, რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი საზეიმო მესის შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი შეასრულებს მის მიერვე შექმნილ ,,ავე მარიას”.
ცნობისათვის:  ამ ისტორიულ მოვლენას საფუძველი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა.
ვიზიტის ორგანიზებასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ვატიკანში საქართველოს საელჩოსა და ქალბატონ ელჩს, ქეთევან ბაგრატიონს; ფონდ „ქართულ გალობას“ და მის ხელმძღვანელს,  ნანა გოთუას; საქართველოში ვატიკანის წმინდა საყდრის ელჩს, მის აღმატებულებას, ჟოზე აველინო ბეტანკურს; კომპანია „სამოსელი პირველს“ და სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატს, ოთარ ჩიბირაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები