ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია, ქველმოქმედი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ეხმარება საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს

პირველ რიგში მინდა, გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია, ქველმოქმედი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ეხმარება საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს. მან უცხო ქვეყნებში მიღებული შემოსავალი და ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა ქვეყანას მიუძღვნა და თქვენ არა ერთი მასშტაბური, ასეულობით პროექტის მომსწრენი ხართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა იყოს ის, რომ ქვეყანას რეალურად ანტი-ევროპული ძალა მოაშორა და დიქტატურული ძალა დაასრულა.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მას ქველმოქმედება არ დაუწყია მხოლოდ ჩვენს პერიოდში, არამედ მანამდე, გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, შემდეგ სააკაშვილის დროს და ახლა უკვე, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება, რომელიც მან განახორციელა იყოს ის, რომ ქვეყანას რეალურად ანტი-ევროპული ძალა მოაშორა და დიქტატურული ძალა დაასრულა ქვეყანაში.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციულ როლს შეეხებოდა პრემიერმა ასე უპასუხა: „ეს არის პოლიტიკური ძალების და სწორედ დესტრუქციული ძალების შეფასება ყოველგვარი ახსნა განმარტების, არგუმენტების გარეშე. თუ ისინი გულისხმობენ იმ თამასას, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაგვიტოვა ჩვენ ყველას, მათ შორის, მედიის თავისუფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა და თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა და უამრავი სხვა, რომლის შედეგიც არის ის, რაც დღეს მივიღეთ მაგალითად და არ დავრჩით იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს, ანუ იმ გაუგებარ, დიქტატურაში და ავტორიტარულ რეჟიმში, თუ ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დესტრუქცია, მაშინ ჩვენც მანდ ვართ.
დესტრუქციულ ძალებში მე პირველ რიგში ვგულისხმობ დესტრუქციულ, რევანშისტულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზება დასრულდეს ქვეყანაში, პირიქით. თქვენ იხილეთ ჩემი ანგარიში პარლამენტში და მათი პირველი შეტევა, შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება, ეს ყველაფერი იყო გამიზნული, იმისთვის, რომ არ შემდგარიყო რეალური, კონსტრუქციული, ევროპული ტიპის დავარქვათ, დებატები, ეს ერთი. ახლა მეორე – ბატონი ივანიშვილის როლს თუ ვინმე არასათანადოდ აფასებს, მაშინ ამას სჭირდება დასაბუთებული, არგუმენტირებული ფაქტები და არა ზოგადი შეფასებები, პოლიტიკური შეფასებები.
მე ნებისმიერ ადამიანზე შემიძლია ვთქვა, დავუძახო ნებისმიერი რაღაც, დავარქვა, რომ ის არის ტერორისტულ საქმიანობაში შემჩნეული და უამრავი სხვა. თუ ამის მტკიცებულებას ადამიანი ვერ მოიტანს, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ უსაფუძვლო ცილისწამება და ბრალდება. ასე რომ, თუ მეკითხებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტიის დამფუძნებლის, დიახ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის, იყო პრემიერ-მინისტრი. მისი პიროვნული ავტორიტეტი და გნებავთ მისი როლი, რომელიც მან შეასრულა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, არის უზარმაზარი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოების კუთხით,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები