კულტურის მინისტრმა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სასცენო სამოსი გადასცა და ვატიკანში დაგეგმილი კონცერტის წინ წარმატებები უსურვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სასცენო სამოსი და აქსესუარები გადასცა. როგორც ბრიფინგზე ითქვა, სამინისტროს დაკვეთით, ვატიკანში გამგზავრებისთვის, უმოკლეს პერიოდში, ერთ თვეში შეიკერა ,,სამოსელი პირველის” მიერ 38 ჩოხა, აქსესუარები კი ოსტატმა ოთარ ჩიბირაშვილმა დაამზადა.
უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივის შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ უზრუნველყო საორგანიზაციო, პროტოკოლური და ფინანსური საკითხების მოგვარება და, საქართველოში ვატიკანის ელჩთან ერთად გაწეული ძალისხმევის შედეგად, 26-29 ივნისს, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი 40-კაციანი შემადგენლობით, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, ვატიკანში მიემგზავრება.
„პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი მგალობლები სიქსტის კაპელაში გამართავენ კონცერტს (26 ივნისი) და, წმინდა პეტრეს ტაძარში, მას შემდეგ, რაც რომის პაპი ფრანცისკე პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მესას აღავლენს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სოლისტ იანო თამარ ალიბეგაშვილთან ერთად, შეასრულებს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ შექმნილ „ავე მარიას”, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს მასშტაბით განხორციელდება.
ეს იქნება ისტორიული მოვლენა, როდესაც სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში, ქართული მრავალხმიანი სიმღერა და გალობა გაისმება.
ხაზგასასმელია, რომ ისტორიაში სულ რამდენიმე პრეცედენტი არსებობს, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ამ სივრცეებში მუსიკალური კომპოზიციის შესრულების საშუალება მიეცათ. მგალობელთა გუნდი საკუთარი რეპერტუარიდან ჯამში 20 სიმღერას შეასრულებს, მათ შორისაა: „ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „ლილე” , „ოდოია”, „წმიდაო ღმერთო”, „Kyrie Eleison”, „Ave Maria” (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ), 121-ე ფსალმუნი (იოსებ ბარდანაშვილი), „შეყვარებულნი ოდეს ქარები”, „წუთისოფელი”, (ზვიად ბოლქვაძე), „ლაშარის გზაზე”, „ეგზერსისი” (იოსებ კეჭაყმაძე), „მინიატიურები” (გია ყანჩელი)“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონცერტს, რომის კურიის წარმომადგენლების და უმაღლესი დონის სტუმრების გარდა, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები