ბექა ოდიშარია: ხელისუფლება, პრაგმატულად, ცივი გონებით და მხოლოდ საქართველოს ინტერესებში მოქმედებს

„ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია, მაგრამ ევროპის ძალა სიმართლეშია. რა არის ევროპა და რა არის ევროპული ღირებულებების სათავე“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

„ევროპის ძალა სწორედ სიმართლეშია. დარწმუნებული ვარ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც შემეკამათება ამ პოსტულატში. მაშინ რატომ გჭრით ყურს ის, რომ ქვეყნის მთავრობის მეთაური, არა საყვედურს უთვლის ევროპულ ოჯახს, არამედ დანანებით საუბრობს ზოგიერთ უტყუარ ფაქტზე, რომელთა გაანალიზებაც არ აწყენდა არც ჩვენს პარტნიორებს ევროპაში და მხოლოდ თუ წაადგება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას და ჭეშმარიტ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში. მაინტერესებს დაღუპულ ბიჭებზე საუბარი მოგეჩვენათ ევროპასთან დაპირისპირებად? მათ გაღებულ სისხლზე და ქართველი ჯარისკაცების ღვაწლზე საუბარი მოგეჩვენათ ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ ოჯახთან დისტანცირებად?”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მისივე განცხადებით, ზოგიერთ ადამიანს აღიზიანებს იმაზე საუბარი, რომ მთავრობის პრაგმატულმა პოლიტიკამ აგვარიდა მეორე ფრონტის გახსნას, რომელსაც ასე გულშემატკივრობს გვარით ქართველი არახამია, იმის მაგივრად რომ  რამშტაინის თავდაცვის მინისტრების ფორმატთან და „ლენდ ლიზის” დაჩქარების თაობაზე მუშაობდნენ.

„რატომ გჭრით ყურს საქართველოს წარმატებაზე საუბარი, თუნდაც პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში? ეს ხომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიღწევების ხაზგასმაა, ხელისუფლების და ქვეყნის საერთო მიღწევაა. მეტსაც გეტყვით, ისტორია მეორდება – ასე იყო პირველი რესპუბლიკის დროსაც. ის მისი დემოკრატიული წეს-წყობილებითა და ღირებულებებით საგრძნობლად უსწრებდა როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს რეგიონში, ისე მრავალ ევროპულ ფლაგმან სახელმწიფოს დასავლეთ ევროპაში. თუმცა, მაშინ კი, არ ვიცი ალბათ „ავადსახსენებელი“ გეოგრაფიის გამო დავრჩით 70 წლით დესპოტური ძალის მონობაში.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს ცნობილი ავსტრიელი მეცნიერის, მწერლისა და მთარგმნელის –  ჰუგო ჰუპერტის გამონათქვამი შეახსენა. „თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგის-ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები, სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“.

მისივე სიტყვებით, ამ ტექსტის ადრესატ ერს, ამ უძველესი ცივილიზაციისა და ქრისტიანობის აკვან სახელმწიფოს, რატომ არ უნდა გვქონდეს ღირსეული და არა დამამცირებელი სვლა-გეზი ევროპული ოჯახისაკენ, რომელშიც საქართველო აუცილებლად დაბრუნდება ღირსეულად და რაც მთავარია, ძალიან მალე, „თუ შინა გამცემი და მოღალატენი, რომლებიც ისტორიულადაც არასდროს გვაკლდა, არ შეუშლიან ხელს ხელისუფლებას, რომელიც შესაძლოა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენის შემდეგ მოქმედებს პრაგმატულად, ცივი გონებით და მხოლოდ საქართველოს ინტერესებში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები