ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი გაწირა, თავი შესწირა ევრო-ატლანტიკურ იდეას, მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია

მინდა, გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი გაწირა, თავი შესწირა ევრო-ატლანტიკური იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცებისა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატო-ში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფრის მიუხედავად თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები, საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია.

„ნახეს, იმედი მაქვს ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ, როგორი სურვილი აქვს ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. რომ შემოსვლის დღიდან, ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, არა ერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიტვაც და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა – უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან – იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ.
ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ ევროპული პერსპექტივა დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თმა უნდა,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები