ზაზა ხალვაშის ორი წიგნის წარდგენა გაიმართება

22 ივნისს, 19 საათზე, მწერალთა სახლში ზაზა ხალვაშის უცნობი ჩანაწერების და კინოსცენარების წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნები გამოიცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ზაზა ხალვაში  – „მუჭში დამალული კენჭები“ (ჩანაწერები 2000 – 2004).
ივანე ამირხანაშვილი:.„ეს წიგნი ზაზა ხალვაშის ავტოპორტრეტია – თავისუფალი, ყოველდღიური, სახელდახელო ფუნჯით მოხაზული ავტოპორტრეტი. ტეხილ შტრიხებში ვხედავთ ზაზას ისეთს, როგორსაც გარედან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ვგრძნობდით, წარმოვიდგენდით, ვვარაუდობდით. და, ამავე დროს, აქ ზაზა არის ისეთიც, როგორიც უდავოდ იყო, როგორსაც ვხედავდით. ამიტომ ორმაგი რაკურსით ვხედავთ მის სახეს: ერთი მხრივ, დაეჭვებული, სკეპტიკური, ფრთხილი; მეორე მხრივ, პირდაპირი, მართალი, უშუალო.
ამ ჭრილში ვხედავთ საინტერესო შემოქმედს, ღირსეულ პიროვნებას, ნამდვილ მოქალაქეს, რომლის შინაგანი სამყარო შენ თვალწინ იხსნება თანმიმდევრული დინამიკით – ფაქტი, მოვლენა, განცდა, განსჯა, თხრობა, დაფიქრება – დაბოლოს, ხვდები, რომ კითხულობ ზაზა ხალვაშის ავტობიოგრაფიულ პროზას“.

ზაზა ხალვაში, „იქ – ჩემთან“  (სცენარები 1988-2014)
ლელა ოჩიაური:
„ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ – სიცოცხლის, ბუნების, ადამიანის არსებობისა და გზებზე სვლის მარადიული წრებრუნვა და ქალაქების სოფლების, მტვრიანი ქუჩებისა და კამკამა ჰაერის სურნელი და შეგრძნება, მტკიცე პოზიცია, მახვილი მზერა და თავისუფალი აზროვნება, პირველ რიგში, სცენარებიდან, მათი წყობიდან, სიუჟეტის განვითარების სისტემიდან და ზიგზაგებიდან, ტემპო-რიტმიდან მოდის. პერსონაჟების დახასიათებებიც და ხასიათებიც, ატმოსფეროც და სხვადასხვა შეგრძნებაც, გარემოს თავისებურებები და დროთა კავშირის უწყვეტობა – სცენარებშივეა ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი.
ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა მსოფლიო ცივილიზაციებისა და უკიდურესი ავთენტურობის საოცარი, დაუჯერებელი სინთეზით აწყობილი. თეთრი ნაკერის/ბლანდების გარეშე. ეს შეგრძნებები, ეს განწყობა, სამყაროსა და ადამიანების ასეთი ვიზუალური ხატები, ცხადი და „ხელმისაწვდომი“ სცენარებში, როგორც ეკრანზე, რა თქმა უნდა, არაა, არამედ გულისა და გრძნობებისთვის არიან განკუთვნილი. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებითა და აღწერილობებით გადმოიცემიან. შემდეგ ზღაპრულ სურათებად ეწყობიან გამომსახველი ტექსტის მეტყველ გამოსახულებად – ცხოვრებისა და ადამიანების ყოველდღიურობისა თუ სიცოცხლის წარმავალობა-მარადიულობის შესახებ. ამ სცენარებში არაფერი გიკვირს და გაბნევს. ყველაფერს იღებ, როგორც გიყვებიან და გაჩვენებენ და შენც – მკითხველი – ცოცხლად და ნათლად წარმოიდგენ ამ შთამბეჭდავ სურათებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები