ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
21 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – ,,ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა“.
„კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50, 000 ლარს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რათა მათ სარეზიდენციო 1 თვის განმავლობაში შესაფერის გარემოში იმუშაონ საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ქალაქში/სოფელში (თბილისის და ბათუმის გარდა) და შექმნან/განავითარონ/დაასრულონ შემოქმედებითი ინდივიდუალური ან ჯგუფური, მათ შორის, ინტერდისციპლინარული, პროექტი/ნაწარმოები.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და, ამჟამად, საქართველოში ცხოვრობენ. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. ერთზე მეტი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტის არც ერთი პროექტი არ იქნება განხილული. კონკურსანტმა თავისი სურვილით უნდა შეარჩიოს რეზიდენციის დრო და, ასევე, ადგილი, რომელიც უნდა იყოს საოჯახო ტიპის სასტუმრო. ამასთან, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს რეზიდენციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა და დაასაბუთოს პროექტის მნიშვნელობა მის შემოქმედებით საქმიანობაში. კონკურსში უპირატესობა, შესაძლოა, მიენიჭოს პროექტ(ებ)ს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას. კონკურსში შესაძლებელია პრიორიტეტი მიენიჭოს ისეთ პროექტ(ებ)ს, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სახელოვნებო, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ დისციპლინას.
კულტურის სამინისტრომ იდენტური კონკურსი 2021 წელსაც გამოაცხადა, რისთვისაც 50 000 ლარი გამოყო. კონკურსის ფარგლებში სრულად დაფინანსდა 2, ხოლო ნაწილობრივ დაფინანსდა 1 კონკურსანტი; მოიცვა შემდეგი ლოკაციები: პატარძეული (საგარეჯო); ზუგდიდი; უშგული. პროექტებში ჩართული იყო 8 პირი.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის დღის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ N: 032 2 022229 ან ნომერზე: 599 85 32 88.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/XKkEmeC