უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, ხოლო ათამდე საცხოვრებელ სახლს გადახდილი აქვს სახურავი.
„დღეს საღამოს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა სოფლები: ლიხეთი, აბარი, ურავი, საკეცია, ზნაკვა, სადმელი. დაზიანებულია გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, ათამდე საცხოვრებელ სახლს გადახდილი აქვს სახურავები…
სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქრისტინა კობახიძე და მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან შეიქმნება სტიქიის დამთვლელი კომისია და მოხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.