ოლაფ შოლცი: გერმანია იარაღს გაუგზავნის უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება
გერმანია უკრაინის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის მრეწველობის ფედერაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.
შოლცმა ასევე დაადასტურა გერმანიის ერთგულება, რომ ლიეტუვას და სხვა აღმოსავლელ მოკავშირეებს გვერდში დაუდგება.
„ევროპისა და დასავლური დემოკრატიებისთვის უკრაინაზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია. ამიტომ უკრაინას მიეწოდებოდა იარაღი და რუსეთს უპრეცედენტო მკაცრი სანქციები დაუწესდა. ეს სანქციები მუშაობს. დიახ, ეს სანქციები ჩვენც გვაყენებს ზიანს. ისინი აზიანებენ ჩვენს კომპანიებს, მაგრამ სანქციები სწორი პასუხია. თავისუფლებას და დემოკრატიას თავისი ფასი აქვს. მეგობრებთან და პარტნიორებთან სოლიდარობას თავისი ფასი აქვს. ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს ფასი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.