გია აბაშიძე: არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია, გვეუბნებიან ნატო-ელი პარტნიორები

“ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება – საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე პრემიერ-მმინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების შესახებ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებს.

“უტრირებულია და მიზანმიმართულად დამახინჯებულია პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადების ინტერპრეტაცია ნატო-ში გაწევრიანებაზე თითქოსდა უარის თქმის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.

სწორედაც რომ 15 წელიწადია, გვესმის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, წევრები ქვეყნების ლიდერებისგან ის, რაც დღეს თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა დოჰაში (კატარი).

ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება – საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!
მეტიც, საქართველო არასოდეს განიხილავს ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის მოსაზრებას (ამას ალიანსის მაღალჩინოსნები არ იზიარებენ), რომ თითქოს გაწევრიანების შემთხვევაში, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი [ყველა ერთისათვის] დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება.

არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ვიმეორებ – ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია, გვეუბნებიან ნატო-ელი პარტნიორები. თუ მავანს არ მოსწონს არსებული მთავრობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკა და აღქმის უნარი დაიბლაგვოს”, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები