სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პაატა სალიამ მილან ჰოდასს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
მან სლოვაკეთის მხარეს გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის იუსტიციის სისტემაში ინტეგრაციის შესახებ და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.
საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კომპონენტი მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების დანერგვის კუთხით, მათ შორის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და პენიტენციური სისტემის მართვის მიმართულებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.