ირაკლი ქადაგიშვილი: „ბიბისის“ ფილმს ვინც უყურა, იცის, რომ ეს არის ვარაუდებზე აწყობილი, ამ ფილმის გამოშვების მიზანი იყო, პოლიტიკური სპეკულაციები გაეჩინა

ვინც „ბიბისის“ ფილმს უყურა, ან ვინც წაიკითხა, იცის, რომ ეს არის ვარაუდებზე აწყობილი, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„იქ არანაირი მტკიცება არ არის მოცემული. ამ ფილმის გამოშვების მიზანი იყო, პოლიტიკური სპეკულაციები გაეჩინა. აქ რომ ყოფილიყო რამე მართლა ხელშესახები ასე ვთქვათ, მტკიცებულება, ან ფაქტი, ბუნებრივია, ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართებოდა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. ამ ფილმის მიზანი იყო პროვოკაციის შემოგდება საქართველოში და ეს პროვოკაცია რომ გამხდარიყო საქართველოში ერთგვარი ტრიგერი საერთო სახალხო მღელვალების წამოწყების. ეს მიზანი ჰქონდა ამას, დანარჩენი ყველაფერი არის სწორედ ამ ჩავარდილი პროვოკაციის შემდეგ უნიათო მცდელობა, რომ იქნებ, ეს პროვოკაცია რამენაირად გააცოცხლონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამ განცხადებით მან გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნებოდა თუ არა საუკეთესო გამოსავალი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ყველა დამატებით კითხვაზე პასუხების გაცემა სწორედ ამ ფორმატში, რადგან ძიების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოძიებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

მისი თქმით, ოთხ დღეში ჩატარდა სრული გამოძიება, გამოძიების დროს გამოიკითხა 93 ადამიანი, 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ამოღებული იქნა ყველა დოკუმენტაცია საბაჟოდან, საგადასახადოდან, ყველაფერი კომპლექსურად და მათ შორის, ქიმიური ექსპერტიზები ჩაუტარდა სამხარაულის ბიუროში ყველა ამ მასალას.

„ჩვენ დავინახეთ აგრეთვე ისიც, რომ ამ გამოძიების მსვლელობის დროს ყველა იმ ადამიანმა, ვინც „ბიბისის“ ფილმში იყო გამოყენებული, თქვა, რომ არა ბატონო, ჩვენ ასეთი რამ არ გვითქვამს, არავითარი კამიტი და არავითარი პირველი მსოფლიო ომის დროსო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ქიმიური იარაღის კვალიც კი არ არსებობს.

„ამ სიტყვების ასე ვთქვათ, აქეთ-იქით „უპრაგონოდ“ თქმას მიჩვეული ვართ. ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ქიმიური იარაღი და რას ნიშნავს ასე ვთქვათ, ქიმია, რომელიც ნებისმიერ წამალში არის, ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მომსახურების პროდუქციაში? ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცებია. ეს არის ის შემადგენლობა და ის მასალა, რომელიც ყოველთვის გამოიყენებოდა და რომელიც გამოიყენება მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები