მაკა ბოჭორიშვილი: ყველა კარგად აცნობიერებს, სად არის საქართველო, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ხმამაღლა დაიცვას ჩვენი პოზიციები
გაცნობიერებისა და გაგების დონეზე ყველა კარგად აცნობიერებს, რა ხდება ჩვენს გარშემო და სად არის საქართველო, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა დაიცვას ჩვენი პოზიციები ან აღიაროს ჩვენი სიმართლე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
მისი თქმით, სიმართლის თქმას ბრიუსელთან კონფლიქტი მოჰყვება, კონფლიქტს კი – გარკვეული სასჯელები.
„ბრიუსელთან კონფლიქტს მოჰყვება გარკვეული, ასე ვთქვათ, სასჯელები, იგივე ფინანსური, ფონდებზე წვდომის შეზღუდვა და ასე შემდეგ, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ძალიან რთულია ვინმეს მოსთხოვო დაიზიანოს საკუთარი ინტერესები. სიჩუმეს თუ ირჩევენ, ისევ და ისევ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. გაცნობიერებული ძალიან ბევრს აქვს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში არ არის სამართლიანი. ის ბერკეტი რაც გამოიყენეს უსამართლო იყო, მაგალითად კანდიდატის სტატუსი გამოიყენეს იმისთვის, რომ წელიწად-ნახევარი ჩვენს ქვეყანაში ეს თემა ყოფილიყო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი აბსოლუტურად უმიზეზოდ. ვისაც კი ვეკითხებოდით რა იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში, ერთადერთი პასუხი, რაც გვესმოდა იყო ის, რომ ასეთი აღქმები არსებობდა და ეს აღქმები ზუსტად იმ დეზინფორმაციული კამპანიებით იყო შექმნილი, რომელიც ჩვენ გვესმოდა საქართველოსთან მიმართებაში 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.