ბალზამირებული დედოფლის ოდისეა — როგორ იქცა ევა პერონის ცხედარი პოლიტიკურ იარაღად
1952 წლის ივლისში ბუენოს-აირესის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გლოვობდა. არგენტინამ დაკარგა არა მხოლოდ პირველი ლედი, არამედ ერის სულიერი ლიდერი – ევა პერონი, იგივე ევიტა. მისი ცხოვრება, რომელიც 33 წლის ასაკში დასრულდა, მითებისა და რეალობის ნაზავი იყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდგომი ამბავი ისეთი სიურეალისტური ოდისეა აღმოჩნდა, რომ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ისტორიად რჩება.
ევა დუარტე დაიბადა 1919 წელს არგენტინის პროვინციაში. ის უკანონო შვილი იყო. სიღარიბის გამო, გაუსაძლისმა ცხოვრებამ მას ამბიციები გაუჩინა. 15 წლის ასაკში იგი ბუენოს-აირესში ჩავიდა და ოცნებობდა, გამხდარიყო მსახიობი. ამბიციური, ქარიზმატული და განსაცვიფრებელი ევა მალე გაეცნო პოლკოვნიკ ხუან პერონს, რომელიც იმჟამად არგენტინის შრომის მინისტრი იყო. 1945 წელს ისინი დაქორწინდნენ. როდესაც ხუან პერონი პრეზიდენტად აირჩიეს, ევა გახდა პირველი ლედი, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში ტოლი არ ჰყოლია. ის არ შემოიფარგლა მხოლოდ პროტოკოლური მოვალეობებით: გახდა მუშათა კლასის, ღარიბებისა და ქალების ხმა; მისი საქველმოქმედო ფონდი მილიონობით დოლარს ხარჯავდა, მისი ძალისხმევით კი, არგენტინელმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს. ევიტა არ იყო უბრალოდ პრეზიდენტის ცოლი. არგენტინელთა უმეტესობისთვის ის იყო წმინდანი, ხოლო მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის – დემაგოგი და საფრთხე.

1952 წელს ევა პერონი საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ხუან პერონი ვერ შეეგუა საყვარელი მეუღლის არყოფნას. მან დაიქირავა ცნობილი ესპანელი ანატომი, დოქტორი პედრო არა, რომელსაც დაავალა სხეულის ბალზამირება და ფიზიკური უკვდავყოფა. დოქტორ არას მუშაობა სამ წელს გაგრძელდა. მან ევას სხეულის ყველა უჯრედი ქიმიური ხსნარით გაჟღინთა, რამაც ცხედარი უხრწნელი, თოჯინასავით იდეალური და თითქმის, ცოცხალი ყოფილიყო. თუმცა, 1955 წლის სამხედრო გადატრიალებამ გეგმები შეცვალა. ხუან პერონი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო, ხოლო ევიტას სხეული, რომელიც პერონისტული რევოლუციის სიმბოლოს წარმოადგენდა, ახალი, ანტი-პერონისტული ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა.
გენერლებს ეშინოდათ ევიტასი. მათ იცოდნენ, რომ მისი საფლავი პერონისტების სალოცავი გახდებოდა, ამიტომ მიიღეს ყველაზე უჩვეულო გადაწყვეტილება — სხეული მოიპარეს და დამალეს. ევიტას ცხედარი თვეების განმავლობაში ბუენოს-აირესის ქუჩებში სატვირთო ფურგონით დაჰქონდათ, ზოგჯერ სამხედრო შტაბების ოფისებშიც ინახებოდა, რამაც ოფიცერთა წრეში ნამდვილი ფსიქოზის ტალღა გამოიწვია. საბოლოოდ, 1957 წელს სამხედრო ხუნტამ, ვატიკანის საიდუმლო ჩარევით, ევა პერონის ცხედარი ფარულად გადაასვენა ევროპაში და მილანის სასაფლაოზე მარია მაჯის ყალბი სახელით დაკრძალა.

1971 წელს, პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად, სამხედროებმა ევა პერონის სხეული ესპანეთში, მადრიდში გადასახლებაში მყოფ ხუან პერონს დაუბრუნეს. გვამი, მიუხედავად ხანგრძლივი ხეტიალისა, შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, თუმცა აღენიშნებოდა დაზიანებები, მათ შორის, მოტეხილი თითი და ნაკაწრები. აქ იწყება ისტორიის ყველაზე უცნაური თავი. ხუანის ახალმა ცოლმა, იზაბელ პერონმა, რომელიც ოკულტიზმით იყო გატაცებული, ევიტას ბალზამირებული სხეული თავის მისტიკურ რიტუალებში გამოიყენა. როგორც ამბობენ, იზაბელი გვამს ვარცხნიდა და ცდილობდა, მისგან გარკვეული ენერგია მიეღო. 1974 წელს, ხუან პერონის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელი არგენტინის პრეზიდენტი გახდა. მან მაშინვე შეასრულა ისტორიული მისია: ევა პერონის ცხედარი სამშობლოში დააბრუნა.

დღეს ევა პერონი განისვენებს ბუენოს-აირესის პრესტიჟულ რეკოლეტას სასაფლაოზე, დუარტეს საოჯახო აკლდამაში. მისი საფლავი ერთ-ერთი ყველაზე დაცულია მსოფლიოში: სარკოფაგი მოთავსებულია მიწის სიღრმეში და დაფარულია რკინაბეტონისა და ფოლადის მრავალი სქელი ფილით. ეს უკიდურესი ზომები მიიღეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევა პერონის სხეული, რომელიც 24 წლის განმავლობაში იყო პოლიტიკური იარაღი და ფეტიშიზაციის ობიექტი, საბოლოოდ, მშვიდობიანად განისვენებდეს.