ლევან მაჭავარიანი – კაია კალასის განცხადებაზე: ბოლო 4 წლის განმავლობაში რასაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამაზე მეტი ჩარევა წარმოუდგენელია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში რასაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამაზე მეტი ჩარევა წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ისინი უტარებენ რადიკალურ ოპოზიციას გარედან საარჩევნო კამპანიას. ისინი გვკარნახობენ, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი უნდა გავიწვიოთ. ისინი ადგენენ დღის წესრიგს, აგზავნიან თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო აქციებზე. შესაბამისად, ნუ გაუკვირდებათ, როდესაც ამერიკა სრულიად დამსახურებულად დემოკრატიის ლექციებს უტარებს მათ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.