მაკა ბოჭორიშვილი: აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ კონტექსტში ევროპის ინტერესებზეც ისაუბრა.

„ჩვენ როგორც ევროპის გულშემატკივრები და მე პირადად, როგორც ადამიანი, რომელსაც ნამდვილად სურს საქართველო იყოს ძლიერი ევროპის ნაწილი, რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ თუ როგორ ყალიბდება ევროპის ინტერესები და ამ ინტერესების შესაბამისად ევროპული პოლიტიკა. სწორედ ამაშია საქმე, დღეს რაც კრიტიკას იმსახურებს ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, სად არის რეალური ევროპული ინტერესები და სად არის ის ელიტა, რომელიც ემსახურება რეალურ ევროპულ ინტერესებს? ვინ არის პასუხისმგებელი ეკონომიკური განვითარების შენელებულ ტემპზე, ან გლობალური მასშტაბით ევროპის დაკარგულ ადგილზე? დღეს ვხედავთ, რომ ხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, სადაც ევროკავშირის როლი მინიმუმამდეა გადაყვანილი და მაქსიმალურად ცდილობენ ევროკავშირი მაგიდასთან არ იყოს, ისევ და ისევ წავედით „გათითოკაცებული“ ქვეყნების პოლიტიკამდე, უბრუნდებიან ეროვნულ პოლიტიკას, რაც მოახდენს გავლენას ევროკავშირზე დღეს თუ არა ხვალ. ევროპა დიდი ხანია ცდილობს კოორდინაცია მოახდინოს და ერთიანი საგარეო პოლიტიკა გახადოს მართლაც ერთიანი, რაც რთული ამოცანაა ევროპისთვის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებითაც, რაც ერთგვარად შეძლეს და მოხდა ამის დემონსტრირება უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა ეს ერთსულოვნება რამდენად ბუნებრივია და რამდენად საფუძვლიანია ეს მეორე საკითხია. საბოლოო ჯამში ეროვნული ინტერესები აუცილებლად წამოვა წინ, როცა საქმე გვექნება ერთიანი ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები