გიორგი ჩაკვეტაძე: ასე ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ არც ერთი სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ვინმე – ამას ვითხოვთ ჩვენც
“ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩანს, ასე ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ არც ერთი სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ვინმე – ამას ვითხოვთ ჩვენც,” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„თუკი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არ შეიძლება ევროპის შიდა საქმეებში ჩარევა, არც ევროპისთვის შეიძლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ის, რომ გზავნილებში ამერიკის ადმინისტრაციასთან გვაქვს თანხვედრა, ეს რა თქმა უნდა, კარგია. ასევე კარგია ისიც, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩანს, ასე ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ არც ერთი სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ვინმე – ამას ვითხოვთ ჩვენც“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.