ოლენა ზელენსკა: უკრაინაში ომის გამო, ყოვედღიურად 2 ბავშვი იღუპება, ევროკავშირის უარი რუსეთის „გამარჯვება“ იქნება
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ევროპელებს მოუწოდა არ დაივიწყონ ომი და უკრაინას მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან რუსეთი ამაზე უარს გამარჯვებად აღიქვამს.
ელენა ზელენსკამ ონლაინ მიმართვაში ასპენის ინსტიტუტის ცენტრალური ევროპის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
„ბევრი ამ თითქმის ოთხი თვის განმავლობაში, რაც რუსული აგრესია მიმდინარეობს, მეუბნება, რომ მათ უჭირთ უკრაინის შესახებ ახალი ამბების წაკითხვაც კი. მე მესმის მათი. ძნელია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რომელსაც თანაგრძნობა გააჩნია, ყოველდღე ხედავდეს როგორ შევარდა რაკეტები ვიღაცის სახლში, პირდაპირ ოთახში და იქ ოჯახი ამოხოცა. ძნელია წაიკითხო საევაკუაციო კოლონის მიმართ ცეცხლის გახსნის შესახებ, რომელსაც წარწერა ჰქონდა „ბავშვები“. დაუჯერებელია იმის გაცნობიერება, რომ უკრაინაში ყოველდღე ორი ბავშვი იღუპება. ძნელია შეხედო დასახიჩრებული ქალაქების ფოტოებს, ფანჯრების ნაცვლად სიცარიელე, საავადმყოფოში მყოფ ნაღმების აფეთქების შედეგად დაშავებულ ადამიანებს“, – განაცხადა პირველმა ლედიმ.
ზელენსკას თქმით, მიუხედავად ომისა, უკრაინას უნდა მიეცეს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, რადგან ომი არის ევროკავშირის დაცვა და ევროპული ღირებულებების დაცვაც, ხალხის უფლება იცხოვრონ თავის ქვეყანაში.
„თუ ევროკავშირი ახლა უარს იტყვის უკრაინაზე, რუსეთი ამას აღიქვამს როგორც სასურველ გამარჯვებას მთელ ევროპაზე და ასევე მიხვდება, რომ ევროპაში ერთიანობა არ არის. .მსოფლიო ვერ აჩუქებს აგრესორს ასეთ საჩუქარს. ყოველ შემთხვევაში საკუთარი უსაფრთხოებისთვის მაინც არ უნდა გააკეთოს ეს. თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, ომი გაფართოვდება“, – აღნიშნა ზელენსკამ.