გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.
როგორც European Truth იტყობინება, აღნიშნულის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შესაძლოა, [რუსეთის უკრაინაში შეჭრას] ხელი შეუწყო ჩემმა გადადგომამ, ისევე როგორც საფრანგეთში არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ“, – აღნიშნა მერკელმა.
მანამდე გერმანიის ყოფილმა კანცლერმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თავს არ იდანაშაულებს“ იმაში, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.