მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განაღმვის საჭიროება არ არსებობს

მარცვლეულის გადაზიდვის დასაწყებად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს განაღმვის აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტების გაყვანა შეიძლება იმ მიმართულებით, სადაც ნაღმების საფრთხე არ არსებობს.

როგორც მან აღნიშნა, გაეროს გეგმის შესაბამისად ზღვის ზონის ნაღმებისგან გაწმენდას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

„ცნობილია ის ადგილები, სადაც საზღვაო ნაღმებია განთავსებული. შესაძლებელია უსაფრთხო გასასვლელების შექმნა სამ პორტში და ეს საშუალებას მისცემს გემებს ყოველგვარი საფრთხის გარეშე იმოძრაონ. გიდის ფუნქციას უკრაინული კატარღები შეასრულებენ. გემების უსაფრთხოების ზონაში შესვლის შემდეგ ისინი შემოწმდებიან“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაეროს გეგმას განხორციელებადი უწოდა.

„ჩვენ ველოდებით რუსეთისგან პასუხს ამ საკითხზე. თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას. თუ მხარეები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, მაშინ შეგვიძლია, მოვაწყოთ შეხვედრა სტამბოლში დეტალების განსახილველად“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები