“აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო თავდაცვის ახალ სქემებს ამზადებს” – სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 15-16 ივნისის მინისტერიალზე იგეგმება აღმოსავლეთის მიმართულებით ალიანსის შემდგომი გაძლიერების განხილვა, კერძოდ, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება გრძელვადიან საფუძველზე პოზიციონირების მასშტაბებსა და სტრუქტურაზე, ასევე, ახალ თავდაცვით სქემებზე.
ამის შესახებ მან ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი პოზიციონირების სფეროსა და სტრუქტურაზე გრძელვადიან საფუძველზე, რომ უზრუნველვყოთ ალიანსის ყველა წევრის ტერიტორიის დაცვა“, – თქვა მან.
მისი თქმით, ნატო ასევე ამზადებს თავდაცვის ახალ სქემებს, როდესაც ალიანსის გარკვეული ძალები გამოიყოფა კონკრეტული მოკავშირეების დასაცავად და მზადყოფნის მიზნით.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ეს ნიშნავს ნატო-ს ყოფნის მნიშვნელოვან ზრდას, შესაძლებლობების გაფართოებას და საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას.
”ეს ნიშნავს დანაყოფების რაოდენობის ზრდას, რომლებიც აღმოსავლეთში საბრძოლო ჯგუფებს გააძლიერებენ”, – დასძინა მან.