აშშ-ის დაზვერვა: კრემლი უკრაინაში ომის განვითარების სამ სცენარს განიხილავს
აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საკვანძო წერტილს მიაღწია და რუსეთის ომი შესაძლოა, სამი სცენარის მიხედვით განვითარდეს.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
აშშ-ში შიშობენ, რომ პუტინმა საბოლოოდ შესაძლოა, გამოიყენოს უკრაინის ტერიტორიის დაკავებული ნაწილი პლაცდარმად შემდგომი წინსვლისთვის.
დაზვერვაში ამბობენ, რომ რუსეთმა სახმელეთო ძალების თითქმის მესამედი დაკარგა, მაგრამ შეეცდება, ახალი მიღწევები მობილიზაციის გარეშე ჰქონდეს, რაც პუტინისთვის „პოლიტიკურად საშიშ ნაბიჯად“ ითვლება.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავენ.
პირველი სცენარით რუსეთმა შესაძლოა, დონბასში მცირე წინსვლები გააგრძელოს, რაც ნიშნავს მუდმივ ადგილობრივ შეტევებს.
მეორე სცენარით ფრონტი შესაძლოა, გაჩერდეს და ასეთ მდგომარეობაში თვეების, თუ არა წლების განმავლობაში იყოს. ეს ორივე მხრიდან უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს, დასავლეთისთვის კი, მსოფლიო ეკონომიკის ამოწურვის გამო, კრიზისის გაუარესების საფრთხეს საგრძნობლად გაზრდის.
მესამე სცენარით, რომელიც ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა, პუტინი გადაწყვეტს, გადახედოს შეჭრის ამოცანებს, გამოაცხადოს „გამარჯვება“ და შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს სამხედრო ოპერაციები.