,,მე მათ სიყვარულის ენაზე მინდა, ვუთხრა: არ შეიძლება, შვილებო, ასე!’’ – თემურ ჩალაბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტურმა პროტესტმა ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება 10 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიქცია.
უნივერსიტეტის სტუდენტთა მცირე ჯგუფი სასწავლებლის ადმინისტრაციას სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს, მოთხოვნათა შორისაა ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში გადატანა. ერთ-ერთი აქციის დროს სიტუაცია უმართავი გახდა, სტუდენტებმა რექტორის ოთახი დაიკავეს, რა დროსაც უნივერსიტეტის თანამშრომლები დაშავდნენ. აქციის დროს გამოვლენილ ძალადობას შეშფოთებით გამოეხმაურა არაერთი ორგანიზაცია, ფართო საზოგადოება, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თუ კურსდამთავრებულები.
მათ შორისაა მწერალი თემურ ჩალაბაშვილი: ,,თავზარდამცემი იყო ჩემთვის აქციის კადრების ნახვა, რა მოხდა დაწვრილებით არ ვიცი, მაგრამ მათი საქციელი რომ არის უზნეობის საოცარი მაგალითი, ეს არის უცხადესი. რაც არ უნდა გაუგებრობა იყოს ასეთი აღშფოთება, ასეთი სიძულვილი არ ვიცი ამ ახალგაზრდა ყმაწვილებში რამ გამოიწვია. განცვიფრებული და გულდაწყვეტილი ვარ ამ ფაქტით. მე უნივერსიტეტელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტი დარჩება განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე: ჯერ სტუდენტობა, შემდეგ იქვე ვმუშაობდი.
42 წელი მომიწია უნივერსიტეტში ყოფნა და ვერ აღვწერ, როგორ მედარდება, რომ ჩვენი ახალი თაობის ახალგაზრდები, რომელთა იმედიც გვაქვს, რომელიც ჩვენი მომავალია, ასე იქცევა. ეს ფაქტი გამანადგურებელია ჩემი თაობის კაცისთვის, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რა ვნახე, ეს რისი შემსწრე გავხდი…
მე მათ მძულვარებით ან ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკები, მე მათ სიყვარულის ენაზე მინდა ვუთხრა: არ შეიძლება, შვილებო, ასე. არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ასაკს, არ შეიძლება სხვისი შეურაცხყოფა, სხვაზე ძალადობა. მე მათ მამა-შვილურად, პაპა-შვილურად ვთხოვდი: დაიწყნარონ სული და უფრო ლამაზი თვალით შეხედონ ხვალინდელ დღეს. მათთვისაც უკეთესი იქნება ეს. თუ უნივერსიტეტმა ასე გააღიზიანა, მათ ცხოვრება რაღას უზამს, ეს ხომ სადარდებელია.
უნივერსიტეტი, მართალია, მღელვარების საფუძველი იყო ოდითგან, იქ ისახებოდა ყოველივე ახალი, მაგრამ ეს უნივერსიტეტი მშვიდობისაც იყო, ივანე ჯავახიშვილის სახელობისაა ბოლოსდაბოლოს. ვთხოვ ახალგაზრდებს, რომ გონს მოეგონ და ტკბილი ენით გააგრძელონ ურთიერთობა თავიანთ მასწავლებლებთან. პედაგოგთან ასეთი მოქცევა როგორ შეიძლება, დაუშვებელია მას ასეთი გულისტკივილი მიაყენო. არ მინდა, რომ მათ ოდესმე სანანებლად ექცეთ თავიანთი ეს გაჯიუტებული საქციელი”, – განაცხადა თემურ ჩალაბაშვილმა.