აგრო სოლუშენს ჯგუფმა CVIG Agro-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სექტორში ერთ-ერთ წამყვან საკონსულტაციო კომპანია „აგრო სოლუშენს ჯგუფსა“ და CVIG Agro-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. CVIG Agro სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი, აღნიშნული კომპანიები უკვე ერთობლივად იმუშავებენ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე ქართულ სოფლის მეურნეობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპანიას ჰყავს საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი პარტნიორები, რომელთაგანაც რეგულარულად იღებენ სიახლეებს და ცდილობენ, ინოვაციები ქართულ რეალობაშიც დანერგონ. გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ თანამედროვე გადაწყვეტებისა და CVIG Agro-ს აგრომეტეოროლოგიური სადგურების სენსორული ინტეგრაციით, კომპანიები აგრობიზნესის „ზუსტი სოფლის მეურნეობის“ პრინციპით მართვის დანერგვაზე იმუშავებენ. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს აგროინდუსტრიისა და ბიზნეს სუბიექტების ცნობიერების ამაღლებას ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით.

ჰოლდინგი „აგრო სოლუშენს ჯგუფი“ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროში რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. თითოეული მათგანის გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქტს აწვდიან. „აგრო სოლუშენს ჯგუფი“ მიზნად ისახავს საქართველოში აგრარული და გარემოს დაცვის სექტორის გაძლიერებასა და ამ სფეროებში ცნობიერების ამაღლებას. კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკა დანერგოს, მხარი დაუჭიროს სტარტაპებსა და სოფლის მეურნეობაში არსებულ ინოვაციურ იდეებს.

რაც შეეხება CVIG Agro-ს, კომპანია ამერიკული Davis Instruments Corporation და ავსტრიული Pessl Instruments ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უნიკალური შესაძლებლობაა ფერმერებისთვის, რადგან ამ ფორმით ისინი ფართო სპექტრის აგრონომიულ მონაცემებზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. შესაბამისად, შეძლებენ, შეამცირონ პესტიციდებისა თუ სხვა ქიმიკატების გამოყენება, გააუმჯობესონ მოსავლის ხარისხი, გაზარდონ მისი ოდენობა და შეამცირონ მიმდინარე ფინანსური ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები