ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორთან კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ განხილვის სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის კანონპროექტის განხილვა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნინო თანდილაშვილმა ვრცლად ისაუბრა კანონპროექტის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება კანონპროექტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გახლავთ. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან მაქსიმალური კოორდინაციით შევიმუშაოთ ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა, რამაც, საბოლოოდ, გარემოს დაბინძურების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების შემცირება და კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები