მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში, ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩსა და სახელმწიფო მდივანს პოლიტიკის საკითხებში ფრანო მატუშიჩს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა ასევე, გამართა ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველებთან ვლადიმირ დრობნიაკსა და მარიო შკუნცასთან.
„შეხვედრებისას, მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რეფორმების დღის წესრიგი, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და მოლოდინები განიხილეს. ხაზი გაესვა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო კუთხით მიღწეულ პროგრესს.
მაკა ბოჭორიშვილმა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული სამხედრო აგრესიის ფონზე, ასოცირებული ტრიოსთვის, ევროკავშირის წევრობის ცხადი პერსპექტივისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე, ევროკავშირის მიერ მკაფიო გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.
ხორვატმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი, გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ასოცირებული ტრიოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება იქნება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
მასპინძელმა მხარემ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავება“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.