მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა
„ხომ არ გახსენდებათ საჯარო გამოსვლა, რამდენჯერ მიმართა მან შეწყალების მოთხოვნით სხვა ადამიანებზე, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ არ წარმოადგენდნენ?”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებას.
მდინარაძის შეფასებით, ნინო ლომჯარია “ნაცების” სახალხო დამცველად გადაიქცა.
„ხომ არ გახსენდებათ საჯარო გამოსვლა, რამდენჯერ მიმართა მან შეწყალების მოთხოვნით სხვა ადამიანებზე, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ არ წარმოადგენდნენ? გახსენდებათ ასეთი რამ? მადლობა დუმილისთვის, რაც თანხმობის ნიშანია. არ გახსენდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ნინო ლომჯარია, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, არა სახალხო დამცველი, არამედ „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა და როგორც ჩანს, ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.
ამასთან, სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს.