ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენთან ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გარე, ეგზოგენური დატვირთვისაა, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არჩვაძემ მაღალი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე გაუარესებული კონიუნქტურის გამო, ჩვენს შიდა ბაზარზე მაღალი ფასები შემოდის.
„საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში ღრმად ინტეგრირებულია. ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკასთან ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს თითქმის 1, 5-ჯერ აღემატება. კავშირები 140-ზე მეტ სახელმწიფსოთან გვაქვს. საქონელი შემოგვაქვს, ვყიდით. მაგრამ ყოველივე ამას თავის უაღრესად დადებით ასპექტებთან ერთად ნეგატიური მხარეც აქვს. პროცესები, რომლებიც ჩვენს სამეზობლოში, თუ გლობალურად, არცთუ ისე ახლობელ ტერიტორიებზე მიდის, ჩვენს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. რა მაქვს მხედველობაში: საქართველო ტრადიციულად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმპორტის მოცულობა ექსპორტისას ორჯერ და მეტად აღემატება. ეს ყველა წლის მიხედვით შეინიშნება, ხან ცოტა მეტია, ხან – ცოტა ნაკლები. ის პროცესები, რაც მსოფლიო ბაზარზე ამა თუ იმ საქონლის ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება, ჩვენს მდგომარეობაზეც აისახება. მარტო ბოლო 1 წლის მანძილზე შემიძლია, გითხრათ, რომ ნავთობის ფასმა რომლის ტრადიციული იმპორტიორები ვართ, მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 67 %-ით მოიმატა. მარცვლეულის ფასმა კი, თუ ჩიკაგოს ბაზრის ფასს ავიღებთ, დაახლოებით, 60,5 %-ით. ჩვენ ამ პროდუქტების ტრადიციული შემომტანები ვართ. საქართველოში მოპოვებული ნავთობი ჩვენს ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე დღეს ეყოფა. ხორბლის მხოლოდ იმ რაოდენობას მოვიწევთ, სიმბოლურად რომ გადავთვალოთ, ჩვენ ეს 1 იანვრიდან 24 თებერვლამდე გვეყოფა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თვითუზრუნველყოფის დონე უახლოეს წლებში ჯერ 40 %-მდე , შემდეგ 50 %-მდე გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილზე წარმოებული მარცვლეულის მოხმარება 1-ელ იანვარს რომ დავიწყოთ, 25 მაისამდე გვეყოფა. ნახევარს თუ ვაწარმოებთ, 1 -ელ ივლისამდე. წლის მეორე ნახევარი ისევ იმპორტზე დამოკიდებულები ვიქნებით. მსოფლიო ბაზარზე ფასები იმატებს. ჩვენ ტრადიციულად ამ პროდუქტების მომხმარებლები ვართ, შესაბამისად, უფრო მეტის გადახდა გვიწევს. ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენთან ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გარე, ეგზოგენური დატვირთვისაა. მსოფლიო ბაზარზე არსებული გაუარესებული კონიუნქტურის გამო ჩვენს შიდა ბაზარზე მაღალი ფასები შემოდის. ეს, საბოლოოდ, ფასების ზრდაზე აისახება“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ჯერ კოვიდპანდემიამ გამოიწვია, შემდეგ კი უკრაინაში მიმდინარე ომმა.
„რატომ იზრდება მსოფლიო ბაზარზე ფასები, ამასაც თავის ახსნა აქვს. ეს თავიდან კოვიდთან იყო დაკავშირებული, შემდეგ კი ამას უკრაინაში მიმდინარე ომი დაემატა. არის გაურკვევლობის რისკი, არასტაბილურობა. ეს ყველაფერი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე გავლენას ახდენს. ბევრი ქვეყანა, რომელიც აღნიშნული პროდუქტების ექსპორტიორია, აქედან გარკვეული სარგებლის მიღებას შეეცადა. ზოგმა საბაჟო ტარიფების, მოსაკრებლების სახით დამატებითი შეზღუდვები დააწესა, რამაც მსოფლიო ბაზარზე სარეალიზაციო ფასები კიდევ უფრო გაზარდა.
ამ მიმართულებით რა შეგვიძლია, გავაკეთოთ: ჩვენი ადგილობრივი, შიდა რესურსების გამოყენებით ცალკეული სახის პროდუქციის წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ. სადაც შესაძლებელია, მაქსიმალური ჩანაცვლება უნდა მოვახდინოთ. აბსოლუტური ჩანაცვლება გამორიცხულია.
მთელი საბაზრო ეკონომიკის ისტორია ფასების ზრდის ისტორიაა. ამერიკაში ბოლო 40 წლის მანძილზე ფასების უმაგალითო ზრდას აქვს ადგილი, იგივე მდგომარეობაა ევროკავშირში. ჩვენს მეზობელ თურქეთში ინფლაცია 70 %-იან ნიშნულს გადაცდა. ჩვენი შიდა ბაზრის მდგომარეობაზე არ შეიძლება, ამან გავლენა არ მოახდინოს. თურქეთი 2006 წლიდან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ის პროცესები, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, მეტ-ნაკლებად, ტალღისებური ეფექტის სახით ჩვენს რეალობაზე აისახება. თურქული ინფლაციის გავლენა საკმაოდ დიდი და სერიოზულია“, – განაცხადა არჩვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.
„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი)“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.