თეა წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, მთავრობა კითხულობს სწორად კონსტიტუციურ ნორმას თუ საქართველოს პრეზიდენტი, ეს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სარჩელია

“საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, მთავრობა კითხულობს სწორად კონსტიტუციურ ნორმას თუ საქართველოს პრეზიდენტი, ეს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სარჩელია”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს მთავრობა ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანს წარუდგენს პრეზიდენტს ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად, პრეზიდენტის ხელმოწერა არის ამ მოდელის მიხედვით წმინდა სიმბოლური.

„ყველა გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ გადავედით საპრეზიდენტო კონსტიტუციური მოდელიდან საპარლამენტო კონსტიტუციურ მოდელზე. ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სრულად აქვს აღმასრულებელ ორგანოს, ანუ საქართველოს მთავრობას. წინა მოდელის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დანაწილებული იყო და მას ახორციელებდა, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საქართველოს პრეზიდენტი. ამჟამინდელი მოდელის მიხედვით, როგორც საშინაო საქმეებში, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებში აღმასრულებელ ხელისუფლებას სრულად ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობით. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მთავრობა ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანს წარუდგენს პრეზიდენტს ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად, პრეზიდენტის ხელმოწერა არის ამ მოდელის მიხედვით წმინდა სიმბოლური, დიდი სიმბოლოთი შემოსილი, მაგრამ სიმბოლური. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, ვინაიდან, როგორც არა მხოლოდ პარტიაში, ასევე მთავრობაში, იმ პარლამენტში, რომელშიც ზედამხედველობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რომ კონსტიტუცია არის მკაფიო და ცალსახა; რომ პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება უკეთესი რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, რამდენჯერმე გვქონდა საქართველოს მთავრობას შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ კონკრეტული კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით უარი განაცხადა ხელმოწერაზე და მან თქვა, რომ ჩემი აზრით, ეს კონკრეტული პირი არა ამა და ამ ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში იქნებოდა უკეთესი, ან მე არ მსურს, რომ ესა და ეს ადამიანი იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩად დანიშნულიო. კონსტიტუციური რეალობა ჰქვია ამას და ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი მაინც იყენებს იმ უფლებას, რომელიც მას არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, საქართველოს მთავრობამ სწორედ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც, როგორც უზენაესმა კონსტიტუციურმა სასამართლო ორგანომ, უნდა განმარტოს და თქვას, საქართველოს მთავრობა კითხულობს სწორად კონსტიტუციურ ნორმას თუ საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სარჩელია. მაგრამ არის, ასე ვთქვათ, დავა, რომელშიც მხარეები ერთმანეთს არა პოლიტიკურ ნიადაგზე, არამედ სამართლებრივ ნიადაგზე არგუმენტებით დაუპირისპირდებიან და დაველოდებით გამოსავალს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები