დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების თაობაზე იმსჯელა

????????????????????????????????????

ტერიტორიულ და შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაზე, მიმდებარე ზონაში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილება შედის. პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილების არსი განუმარტა და აღნიშნა, რომ „საკანონმდებლო ცვლილება შექმნის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის მიზნით, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად მოაწესრიგებს ჰიდროგრაფიული კვლევების წარმოების, ჰიდროგრაფიული და მეტეოროლოგიური ინფორმაციის პუბლიკაციების საფუძველს. სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სატრანზიტო შიდა ტვირთბრუნვასთან, საზღვაო კატასტროფების თავიდან აცილებასთან, საზღვაო აკვატორიის დაცვასთან. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რამდენადაც სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორია, რომელიც მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას უზრუნველყოფს,”- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაარეგულირებს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაზე, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებით ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტის მიღებით იქმნება ის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა, რაც დადებით გავლენას იქონიებს საზღვაო ნაოსნობის განვითარების კუთხით. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები