დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ორი უწყების ანგარიში მოისმინა

????????????????????????????????????
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ორი უწყების ანგარიში მოისმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) წლიური ანგარიში კომიტეტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.

ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს. მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე; ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარებაზე; საბანკო ზედამხედველობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსურ განათლებაზე; ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის თაობაზე; საგადასახადო სისტემების ფუნქციონირებისა და სხვა საკითხებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ინფლაციის მიზეზებზე, რომელიც ძირითადად COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული გლობალური ვითარება იყო.

„მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო, რაშიც სურსათის გაძვირება გამოირჩეოდა. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზე იყო. მობილობის აღდგენასთან ერთად, გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და ფასები საერთაშორისო ბაზრებზე. მსოფლიოში ნავთობის ფასები წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა”- განაცხადა ფასების მატების ტენდენციასთან დაკავშირებით არჩილ მესტვირიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაცაა. მან საანგარიშო პერიოდში 2021 წ ინფლაციის აღმნიშვნელი შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებიც წარადგინა. „ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს”- აღნიშნა მან. მისივე თქმით, – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწის, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებისა და რიგი საზედამხედველო მიმართულებების გაძლიერებისთვის აქტიურ მუშაობას განაგრძობდა. ბანკის მიერ შემუშავდა რეგულირებად სფეროში კონკურენციის საკითხების მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა და გატარდა ღონისძიებები ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა და 2021 წელს, ჯერ კიდევ მიმდინარე გლობალური პანდემიის უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა”, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ანგარიშთან დაკავშირებით კომიტეტის შესაბამისი დასკვნა ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებთან ერთად გადაეგზავნება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გააცნო დეპუტატებს. ირაკლი ლექვინაძემ საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა განხორციელებამაც დადებითი ასახვა ჰპოვა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და შედეგებზე, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა 2021 წელს ჩატარებული 5 მოკვლევის პროცესზე, რაც მომხმარებლების საჩივრის საფუძველზე კონკრეტული საგამოძიებო პროცესის წარმოებას ნიშნავს. მან ასევე ისაუბრა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს. „მოხარულები ვართ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ რეკომენდაციების დანერგვის მიმართულებით”, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი განცხადებით, დაწყებულია და გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ ანგარიშს. „გასული წლების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დაძლეულია. ახალი 2022 წლის მთავარი მიზანი ისევ ჩვენი უწყების ნდობის, რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქციის ეფექტიანი აღსრულება იქნება. ჩვენი უწყება წელსაც მზად არის მიიღოს საჭირო, სასარგებლო და, რაც მთავარია, სამართლიანი გადაწყვეტილებები ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განსახილველად განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები