გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ორი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა. – „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება” განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება – „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება („საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება”).
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის ინფორმაციით, კონკრეტული პროექტი შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისათვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და სწავლის პირობების გაუმჯობესებისთვისაა გამიზნული. პროექტი სტრუქტურული და ენერგოეფექტურობის კომპონენტებისგან შედგება, რომლებიც თითოეული სკოლის სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე, შერჩეული სკოლების შენობაში განხორციელდება. მისივე თქმით, სტრუქტურული კომპონენტები ასევე შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გამწვანება და სხვა მსგავსი ღონისძიებები მიმდინარე ტერიტორიაზე, თუ ეს შენობების გრძელვადიანი სტრუქტურული მთლიანობის გაუმჯობესების მიზნით კეთდება. როგორც ასევე საკითხზე მომხსენებელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განაცხადა, პირველი ეტაპისთვის შერჩეულია თხუთმეტი სკოლა მაღალმთიან რეგიონებში.
განისაზღვრა სკოლების შერჩევის ორი მნიშვნელოვანი პირობა: სკოლის მოცულობა მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე და დაზოგვის მაჩვენებელი, ელექტროენერგიის ხარჯთან მიმართებაში.
„თუ ფინანსური რესურსი საშუალებას მოგვცემს, მეტ სკოლასაც დავამატებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა არ იქნება მიმართული მხოლოდ ენერგოეფექტურობის გასაძლიერებლად, ეს იქნება სკოლების რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი სკოლების არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე”, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.
პროექტის ღირებულება შეადგენს 6,5 მილიონ ევროს, მათგან სასესხო დაფინანსება 3,9 მილიონი ევროა, ხოლო თანადაფინანსება გრანტის სახით – 2,6 მილიონი ევრო. სესხის ხანგრძლივობა 10 წელია, მათ შორის, 3 წელი საშეღავათო პერიოდი. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და თანხა განსაკარგავად მათ გადაეცემათ. პროექტის დასრულების ვადად კი 2025 წლის 4 მაისია განსაზღვრული.